საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ამ წუთებში პარლამენტში სიტყვით გამოდის საკითხზე მომხსენებელი ირაკლი კობახიძე.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პროცედურასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ექნება შესაძლებლობა, 15-წუთიანი რეგლამენტით მიმართოს პარლამენტს, ასევე იქნება კითხვების დასმის საშუალება.
გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ შევიდა წერილი, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ სხდომას და არ ესწრებიან.
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი მას შემდეგ ამოიწურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.