პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები ხმაურის ფონზე დაიწყო
პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები ხმაურის ფონზე დაიწყო

პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. ხათუნა სამნიძემ გააპროტესტა ირაკლი კობახიძის ის განცხადება, სადაც კობახიძე საუბრობდა ძმებ ბერძენიშვილებთან დაკავშირებით. სამნიძემ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე საკუთარი განცხადებით ახალისებდა მოძალადეებს.

ხათუნა სამნიძის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძეს მიმართა კითხვით: „სიმართლის თქმა არის თავდასხმისკენ მოწოდება?“.

სამნიძისა და მდინარაძის კამათში ჩაერთო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ მათ არც ერეკლე უყვართ, არც არავინ და ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციებს. აღნიშნულ შეფასებას მოჰყვა მამუკა მდინარაძის რეპლიკა – „ნუ კაცობთ“. ამ დროისთვის დეპუტატებს შორის კამათი დასრულებულია.