პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც 2020 წლის არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ
საქართველოს პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა და დამტკიცება მოხდება.
„ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა ყველა ოპოზიციურ პარტიას, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხვილვაში მონაწილეობა მიიღონ. როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ სხდომას დაესწრებიან, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ნაწილი კი პლენარულ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 17 თებერვალს შეიქმნა, თუმცა პირველი სხდომა 13 მაისს გამართა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში კომისიის სხდომებზე მოუსმინეს ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების, პროკურატურისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ასევე, ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა სხვადასხვა უწყებიდან.
მუშაობის პერიოდში დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
კომისიის მუშაობის ფარგლებში, მოხდა შერჩეული 20 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ხელახალი გადათვლა.