პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, ოპოზიციისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები პირველი მოსმენით მიღებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობენ.
სამუშაო შეხვედრის გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე განხილვების დროს მიიღეს, ვინაიდან ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი შენიშვნები აქვთ. დისკუსიის საგანია ის პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, გაიზრდება.
ასევე, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესიც. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება იმ ვადით გაიცემა, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვის. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, დასაშვები იქნება მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს ორი თვის. ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს სამი თვის გაგრძელდეს, გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება კი დაუშვებელი იქნება.
ცვლილება ეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინებასაც. მოქმედი კანონით, სათანადო ორგანომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაცია 24 თვის ვადაში იმ პირს უნდა შეატყობინოს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. ცვლილებებით. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება „სისხლის სამართლის კოდექსის“ – რამდენიმე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც იგი ჩატარდა, შესაძლოა იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივ წესრიგისა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად.
ამ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინება, სასამართლოს კონტროლის საფუძველზე, ყოველ ჯერზე შესაძლოა გადავადდეს არა უმეტეს 12 თვის ვადით.