პარლამენტში „მთის კანონში“ ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომელიც დამატებით 58 სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. პროექტის თაობაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ისაუბრა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, კანონში ცვლილებების მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება.
პროექტის თანახმად, შესაძლებელი იქნება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს ჩვენი ქვეყნის კიდევ 58 დასახლებას, რის საფუძველზე აქ მცხოვრებ დაახლოებით 26 ათას რეგისტრირებულ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლონ კანონმდებლობით დაწესებული სოციალური და საგადასახადო შეღავათებით.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭებათ 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომლის დასახლებების 80 პროცენტს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვთ მინიჭებული. ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს სტატუსი მიენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობს 1000 მეტრ ან მის ზემოთ სიმაღლეზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ასევე, იცვლება 2000-ზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9 თვიანი პირობის ნაცვლად, საკმარისი იქნება ექვსთვიანი პერიოდი.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება გამყოფ ხაზთან მდებარე 19 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრზეა. აგრეთვე, საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში – თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს, მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ
შორის ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ან მის ზემოთ მდებარეობს.
ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,737 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 246 ათასზე მეტი მოქალაქე. უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.
ბოლო წლებში, მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი მიიმართა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, ესაა საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები, კულტურისა და სპორტის ობიექტების, სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია, მზის პანელების დამონტაჟება, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მიიმართა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებზე მაღალმთიანი დასახლებებისთვის.
აღნიშნულის გარდა, გასული წლის განმავლობაში, კანონით დადგენილი შეღავათების გასაწევად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 75 მილიონი ლარი.
გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია. სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უკვე ორი წელია, 11 დეკემბერს, საქართველოში ოფიციალურად აღინიშნება მთის დღე.