პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 5 მარტს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 5 მარტს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ხვალ წარდგება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ამასთან, თალაკვაძემ კოლეგებს სთხოვა, მთავრობასთან გამართონ აქტიური კომუნიკაცია, რათა პარლამენტში შედგეს მოსმენა „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებითაც.

„მივესალმებით პრემიერ-მინისტრის მხრიდან ძალიან მკაფიო პოლიტიკურ განაცხადს პარლამენტთან თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ. ჩვენ მზად ვართ, როგორც თანამშრომლობისთვის, ასევე სრული მზადყოფნაა, პარლამენტმა თავისი საზედამხედველო ფუნქციები ზედმიწევნით შეასრულოს. მათ შორის ხვალ, გვექნება შს მინისტრის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში. რა თქმა უნდა, პარლამენტს სხვა მექანიზმებიც აქვს და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ასევე „ნამახვანის“ პროექტთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია გამართოთ მთავრობასთან, რომ ეს პროცესი ეფექტიანად დაიგეგმოს და ყველა კითხვაზე, რაც საზოგადოებას ჰქონდა, პასუხები გაეცეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.