პარლამენტში მარტსა და მაისში ორი ინტერპელაციის გამართვის შესაძლებლობა იქნება
პარლამენტში, საგაზაფხულო სესიაზე, მარტსა და მაისში ორი ინტერპელაციის გამართვის შესაძლებლობა იქნება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს.
ადრესატი კი ვალდებულია, შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით. კითხვა-პასუხის შემდეგ კი, გაიმართება პოლიტიკური დებატები.
მეათე მოწვევის პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატი გამოყენებული არ ყოფილა. ეს ფორმატი საპარლამენტო ცხოვრებაში მეცხრე მოწვევის პარლამენტში დაინერგა, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატები აქტიურად იყენებდნენ.