საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, მეათე მოწვევის პარლამენტი მინისტრების მოსმენას იწყებს.
მინისტრის საათის ფორმატში დღეს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენენ.
მაია ცქიტიშვილი საკანონმდებლო ორგანოს უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადება, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და უწყების მიერ განხორციელებულმა პროექტებმა საქართველო კიდევ უფრო დააახლოვა ევროპულ სტანდარტებს.
„ჩვენ გვექნება არაერთი კითხვა იმ ღირებული პროექტების შესახებ, მათ შორის, როგორიც არის მაგისტრალების მშენებლობა, ისევე როგორც გზების, მუნიციპალური გზების მშენებლობა. ასევე მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, ასევე, არ დაგვავიწყდეს წყალმომარაგება და ძალიან ბევრი სხვა ღირებული პროექტი, რამაც ჯამურად მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნა უკვე ის ინფრასტრუქტურა, რომლითაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდით ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ იქნება საკმაოდ საინტერესო დისკუსია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.