პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გადაიდო
პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გადაიდო

პარლამენტში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გადაიდო. საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარსადგენად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისი მოადგილე, ვახტანგ აბაშიძე მივიდა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგლამენტისა და წესის მიხედვით, ანგარიშის წარდგენა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის ვალდებულებაა.

„თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად, ანგარიში უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. რეგლამენტისა და წესის მიხედვით, ანგარიშს წარმოადგენს თავმჯდომარე. შეთანხმებული იყო, დღეს უნდა ყოფილიყო. ცუდია, რომ ხელმძღვანელი არ არის მოსული. პარლამენტის მიმართ გარკვეულწილად უპატივცემულობაა, როდესაც ანგარიშის წარმოდგენა არ ხდება. ჩვენ დღეს ვასრულებთ პლენარულ სხდომას, საგაზაფხულო სხდომა გაიხსნება და გაცნობებთ თარიღს, როდესაც ანგარიში უნდა იყოს წარმოდგენილი. ველოდებით, რომ დასახელებულ რიცხვში მოვა თავმჯდომარე და ანგარიშს წარმოადგენს“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ვახტანგ აბაშიძეს.

ვახტანგ აბაშიძემ განმარტა, რის გამოც ვერ მოახერხა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეm,  კახა ბექაურმა პარლამენტში მისვლა და ანგარიშის წარდგენა.

„დღეს ჩვენ გვქონდა კომისიის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე. ვერ მოესწრება მისი მოსვლა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენგან ინფორმაცია წინასწარაც იყო მოწოდებული, რომ ასეთი მდგომარეობა გვქონდა კომისიის სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე და ანგარიშს მე წარმოვადგენდი. გასაგებია, რომ ხელმძღვანელმა პირმა უნდა წარმოადგინოს ანგარიში, თუმცა, ჩვენი ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, კომისიის წევრსაც ბევრჯერ წარმოუდგენია“, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გაითვალისწინებს.