პარლამენტში ხვალ ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტში ხვალ ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, თითოეულ მათგანთან თემატურად სხვადასხვა კითხვებია დასმული.
„პარასკევს ოთხი ინტერპელაცია გვექნება. პროცედურა თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციით დაიწყება. თავიდან ფრაქციის წარმომადგენელი გამოვა, რომელიც კითხვას გაიმეორებს და კითხვაში დასმულ აქცენტებს დააზუსტებს. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი უპასუხებს კითხვებს. კითხვის ავტორს კითხვის დაზუსტების შესაძლებლობა ექნება და დაზუსტებაზე პასუხს პრემიერ-მინისტრიც გასცემს. ამის შემდეგ საპარლამენტო დებატები დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე ფრაქციები და უმრავლესობა. თითოეულ მათგანს შესაბამისი დრო აქვს განკუთვნილი. მთელ პროცესს პრემიერ-მინისტრი პარლამენტისადმი მისი საბოლოო მიმართვით დაასრულებს. ყოველი ინტერპელაცია ცალკე პროცედურაა იმ კითხვებზე, რომელიც ინტერპელაციაშია დასმული“, – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით ორი კითხვით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.
„ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. თავდაპირველად სესიაზე მამუკა ბახტაძის ორი ინტერპელაცია იქნება, რის შემდეგაც პარლამენტის წინაშე დავით სერგეენკო წარდგება. ინტერპელაციის ფორმატში კი ბოლოს თამარ ჟვანიას მოუსმენენ“, – განაცხადა კახიანმა.