საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს პარლამენტში იბარებს.
როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია პარლამენტს ყოველგვარი მსჯელობის გარეშე წარუდგინეს.
„პროცესი ფორსირებულია, არ არის შემოსული ბიოგრაფიები, არ გაქვს არანაირი ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით. ჩვენმა ფრაქციამ გადაწყვიტა, დავუძახოთ ხვალ 14:00 საათზე იუსტიციის საბჭოს წევრებს, ვთხოვთ გაგვაცნონ ინფორმაცია, რა პროცედურა იყო, როგორ მოხდა ამ ადამიანების შერჩევა. იყო თუ არა წინასწარ ჩატარებული საორგანიზაციო საკითხები და მათგან მოვისმონოთ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით, ეს იქნება ღია შეხვედრა”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფში, აუცილებელია გაწევრიანდნენ კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ წევრები.
ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ბიუროს სხდომაზე ხშირად ისეთი საკითხები დგება, რაც არ არის ბიუროს განსახილველი.
„სამუშაო ჯგუფის შექმნა რეგლამენტით არის გაწერილი, ეს კომისია აუცილებლად შედგება, რაც შეეხება დაკომპლექტებას, ეს არის კომიტეტის გადასაწყვეტი და არა ბიუროსი”, – განაცხადა კახიანმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გაასაჯაროვა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.