საქართველოს პარლამენტში დღეს მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.
თავდაცვის მინისტრი კანონმდებლების წინაშე თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის რანგში დეპუტატების წინაშე პირველად წარდგება.
უკვე ცნობილია, რომ შეხვედრას დაესწრებიან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები. მათი ძირითადი კითხვები თავდაცვის უწყების მიმართულებით შემცირებულ ბიუჯეტს უკავშირრდება. დამოუკიდებელი დეპუტატები დაინტერესდებიან, როგორ მოხდება დარჩენილი ბიუჯეტის გადანაწილება თავდაცვის სამინისტროში.
„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებენ და თავდაცვის მინისტრის წლიურ ანგარიშს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, დეპუტატები თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებენ. მმართველი გუნდის წევრებს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ძირითადი კითხვები სამინისტროს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით ექნებათ.
„თავდაცვის მინისტრის მოსვლა პარლამენტში და ანგარიშის წარმოდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცხადია, პირველ რიგში, ჩვენ, მთლიანად პარლამენტი და საზოგადოება დაინტერესებულია, თუ როგორ ვითარდება ჩვენი თავდაცვის ძალები და რა რეფორმები ხორციელდება. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავდაცვის ძალების ჩართვა პანდემიასთან ბრძოლაში, სადაც მართლაც ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები, მაგრამ მთავარი მაინც ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, არის ის, რა კეთდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და მინდა, გითხრათ, რომ მინისტრი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საკმაოდ სერიოზული პროექტები იქნა წამოწყებული, მათ შორის, აბსოლიტურად ყველა ყაზარმის გარემონტება, თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა, მათ შორის, მინისტრი საუბრობდა „დელტას“ შესაძლებლობების გაზრდაზეც და ესეც ძალიან საინტერესოა. საერთო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ანგარიში ბევრ საკითხს მოიცავს, ასევე იქნება კითხვებიც. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა მედიამ ვერ მოითმინა და პოლიტიკური თავდასხმები განახორციელა ჩვენს თავდაცვის ძალებზე, ამიტომ ამ ნაწილზეც ბატონი ღარიბაშვილი პასუხს გასცემს იმ ადამიანებს და ცხადია, პირველ რიგში, საზოგადოებას მისცემს სწორ ინფორმაციას თითოეულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.