პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუსმენენ
პარლამენტში ინტერპელაციის წესით საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს დაიბარებენ.
ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ეკონომიკის მინისტრს კითხვებს დაუსვამენ ინფლაციასთან დაკავშირებით, რა გავლენას ახდენს მიმდინარე ომი საქართველოს ეკონომიკაზე, რა კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
მისივე განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი კი ისაუბრებს ევროკავშირში განაცხადის საკითხთან დაკავშირებით.
„ხვალინდელი ინტერპელაციის წერილი ჩვენი ფრაქციიდან გაეგზავნება ორ მინისტრს. ესენი არიან ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ეკონომიკის მინისტრს კითხვები დაესმევა ინფლაციასთან, მათ მოქმედებებთან დაკავშირებით, რა გავლენას ახდენს რეგიონში მიმდინარე ნეგატიური მოვლენები, მიმდინარე ომი საქართველოს ეკონომიკაზე და რა კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი არის ევროკავშირში ჩვენი განაცხადი, საგარეო საქმეთა მინისტრსაც ჩვენ ინტერპელაციის წესით დავიბარებთ და ის ისაუბრებს ამ საკითხზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის განმარტებით, ოთხშაბათს, 11 მაისს პარლამენტის წინაშე, „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი წარდგება.