პარლამენტში ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე მსჯელობენ
პარლამენტში ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე მსჯელობენ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ანგარიშს აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები აცნობენ.
როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ განუცხადა, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აუდიტის სამსახურის მხრიდან 70 ანგარიშია წარდგენილი, რომელთა შორისაა ინკლუზიური განათლების ეფექტიანობაზე დასკვნა. მისი თქმით, ინკლუზიური განათლება სკოლის იმ მოსწავლეებს ეხებათ, რომელთაც სკოლებში სპეციალური საშუალებები სჭირდებათ.
“ეს არიან ბავშვები, რომლებიც დიდი ხანი ავადმყოფობდნენ და დაქვეითებული აქვთ მხედველობა, სმენა ან პრობლემატურები არიან. მნიშვნელოვანია, ამ ბავშვებს განცდა არ ჰქონდეთ, რომ სკოლაში რაღაც ისე არ არის, როგორც მათ სჭირდებათ. პრობლემა ისაა, რომ სკოლამ წინასწარ უნდა იცოდეს, ბავშვს რა სჭირდება პანდუსი თუ მხედველობის შესაძლებლობა და ა.შ”, – განაცხადა კვიჟინაძემ.
რეკომენდაციებზე საუბრისას განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აღნიშნავს, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლება აქტიურად 2013 წლიდან დაიწყო და დასკვნა 2016-2017 წლებს მოიცავს. მისი თქმით, სამინისტროს მხრიდან ძირითადად რეკომენდაციები ადრე იყო იდენტიფიცირებული და პროგრამების შემუშავება მოხდა.
“რეკომენდაციების უმეტესობა გადაწყვეტილია და ეს სწორედ ის მიმართულებებია, რასაც ვიზიარებთ. სკოლების უმეტესობა დიდი ხანია აშენებულია და ისინი ადაპტირების საშუალებას არ იძლევიან. სკოლები, რომლებიც ახლა შენდება, სრულად ადაპტირებულია. სკოლები ინფორმირებული არიან, რა საჭიროებების მქონე მოსწავლეს იღებენ”, – განაცხადა გიგაურმა.
აუდიტის სამსახური ინკლუზიურ განათლებაზე განათლების სამინისტროს შვიდ რეკომენდაციას აძლევს, რომელთაგან ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული გარემოა.