პარლამენტში ღონისძიება „საპარლამენტო კონტროლი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ გაიმართება
ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ტექნიკური დახმარებით, დღეს უმასპინძლებს ღონისძიებას „საპარლამენტო კონტროლი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი ლუიზა ვინტონი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფების პრეზენტაცია, რომლებსაც წარმოადგენენ საბჭოს წევრი პარლამენტარები: ნინო წილოსანი და გუგული მაღრაძე.
გენდერული თანასწორობის საბჭო, თემატური მოკვლევების ფარგლებში, იმუშავებს შემდეგ საკითხებზე:
სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა;
პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური
გაძლიერებისთვის.
მოხსენებების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში 15:00 საათზე დაიწყება.