პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ჩაითვლება
2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 31 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უკვე დაკავებული თანხები, ასევე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ დაექვემდებარება.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, პენსიონერი ვალდებულია, სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობოს პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შესახებ 15 დღის ვადაში, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფორმაციის მიწოდება არ ხდება, შესაბამისად, პენსიის შეწყვეტა ხორციელდება დაგვიანებით და იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების ბენეფიციარისთვის მტკივნეული პროცესი, რომელიც ხშირად დროში გახანგრძლივებული პროცესია და ხანდაზმული მოსახლეობის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს, მათ უწევთ თანხების უკან დაბრუნება, სასამართლო პროცესები და ა.შ. რაც კიდევ უფრო მწვავე პრობლემაა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.
კანონმდებელთა ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეღავათი შეეხება 1 594 პენსიონერს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი შეადგენს დაახლოებით 727 733 ლარს, მათ შორის იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც 2016 წლის პირველი დეკემბრიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე წარმოეშვათ ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება შეადგენს 747 პირს, ხოლო 2020 წლის პირველი იანვრიდან 847 პირს.
ამასთან, დეპუტატთა ცნობით, ამჟამად, მიმდინარეობს 50 ადმინისტრაციული, 1758 სასამართლო და 134 სააღსრულებლო წარმოება, რაც ცვლილებებით, შეწყვეტას დაექვემდებარება.