პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს 
პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ რეგისტრაციის საკითხს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი ფრაქცია 32 წევრისგან შედგება და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ რეგისტრაციის საკითხს, რომლის თავმჯდომარეც ხათუნა სამნიძე იქნება.

სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციის საკითხს. კომიტეტის გადაწყვეტილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება. კომიტეტმა უარი თქვა „საკანონმდებლო წინადადების“ წარმდგენის მატერიალური ანაზღაურების შესახებ საქართველოს მოქალაქე ლევან ჯოხაძის საკანონმდებლო წინადადების შემდგომ განხილვაზე.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით თუ მოქალაქე საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს პარლამენტში და შემდგომში ეს წინადადება იქცევა კანონპროექტად, ან მის მიხედვით შესაბამის კანონში რაიმე სახის ცვლილება მოხდება, ამაში ავტორმა გასამრჯელო უნდა მიიღოს.

აღნიშნული კომიტეტმა არალოგიკურად მიიჩნია, რამდენადაც კანონმდებლობა გარკვევით არეგულირებს საკანონმდებლო წინადადების და საკანონმდებლო ინიციატივის არსს და მისი წარდგენის წესებს. სხდომაზე განიხილეს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხი.

განმცხადებელს სურს ლობისტობა გაწიოს საგადასახდო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ამდენად კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის განცხადებასაც, რომელიც „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით ლობისტად რეგისტრაციას ითხოვს.