საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუსმენენ. კობა გვენეტაძე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან „თიბისი ბანკის“ საქმეზე კითხვები არ აქვს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ისაუბრეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა. მისი თქმით, ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტია და შესაბამისად, ეს პროექტი ძალიან საინტერესოა.
„ჩვენ გვქონდა საშუალება, პარლამენტში მოგვესმინა ადამიანებისთვის, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული „თიბისი ბანკთან“ – დამფუძნებლებისთვის, ასევე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. რომ არ მოგატყუოთ, ანაკლიის პროექტი არის ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო, რადგან ეს არის ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს და განსაზღვროს მომავალი ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება ანაკლიის პორტის ბედი. რაც შეეხება იმას, კონკრეტულ ტრანზაქციაში რეგულატორმა დაინახა თუ არა დარღვევა, როგორ დაინახა და რა გადაწყვეტილება მიიღო დარღვევაზე რეაგირებისთვის, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიცია გეგმავს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კითხვები „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაუსვას. „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კობა გვენეტაძეს კითხვებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებითაც დაუსვამენ.
„ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულმა საბანკო რეგულაციებმა უკვე მიაყენა ზიანი ათი ათასობით მოქალაქეს, რომელსაც ელემენტარული განვადება სჭირდებოდა და ვერ შეძლო ამით სარგებლობა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამის გამო იკარგება ბევრი სამუშაო ადგილი. შევხედოთ ავეჯის სალონებს, ტექნიკის მაღაზიებს, მშენებლობებს. ისინი ცალსახად ამბობენ, რომ უნდა შეამცირონ თანამშრომლები, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარჩება უმუშევარი და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჭირდება ადრე აღებული კრედიტების გადახდა. ამიტომ რეგულაციებით ჭარბვალიანობა კი არ შემცირდება, პირიქით გაიზრდება. რა თქმა უნდა, ეს ასუსტებს ჩვენს ეკონომიკას. საბოლოო ჯამში, ეს ურტყამს თითოეული მოქალაქის ჯიბეს და ეს იქნება ჩვენი მთავარი კითხვა გვენეტაძესთან. მეორე ძირითადი მიმართულება იქნება „თიბისი ბანკის“ გამოძიება, რომელმაც ვნახეთ, როგორ დააზარალა ჩვენი ისედაც ძალიან მძიმე საინვესტიციო გარემო. რა თქმა უნდა, მთავარი კითხვა იქნება, დაინახა თუ არა გვენეტაძემ ფულის გათეთრება იმ გამოძიებებში, რაც ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაიბარა. კომიტეტებში კობა გვენეტაძის მოსმენა არ გამართულა, თუმცა გვენეტაძემ პარლამენტს მიმართა, აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება პლენარულ სხდომაზე მოესმინათ.