საქართველოს პარლამენტში, საშემოდგომო სესიის ბოლო დღეს, იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. რატი ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს. იუსტიციის მინისტრის რანგში რატი ბრეგაძე დეპუტატების წინაშე პირველად წარდგება. ანგარიშის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
ოპოზიციის დიდ ნაწილს იუსტიციის მინისტრთან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.
„იუსტიციის მინისტრთან, თუ გავითვალისწინებთ იმ შეფასებებს, რაც კეთდება, მაგალითად სახალხო დამცველის მხრიდან, ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს, ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვაა. რა თქმა უნდა, ასევე გვაქვს ძალიან მწვავე შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით. რადგან იცით, რომ დადასტურებულია უკვე სახალხო დამცველის მიერ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები მთელი რიგი მიმართულებებით დაირღვა და ამაზე პასუხისმგებელი პირდაპირი პირი არის იუსტიციის მინისტრი. ამიტომ მასთან ბევრი და მწვავე შეკითხვა არსებობს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი ძირითადი კითხვები უკავშირდება, როგორია სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარის მიმართვიანობა. უმრავლესობის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დაინტერესდებიან პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით, რა სიახლეები არის დაგეგმილი.
„დარწმუნებული ვართ, რომ საინტერესო და საქმიანი განხილვა გვექნება. რა თქმა უნდა, არის არაერთი მიმართულება, რომელიც არის იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი. დაწყებული სერვისებიდან, ის სერვისები, რომელიც მოქალაქეებს მიეწოდებათ, გაგრძელებული პენიტენციური სამსახურით. ასევე, იცით, რომ სტრასბურგის სასამართლოში მოპასუხე არის ყოველთვის იუსტიციის სამინისტრო, დავინტერესდებით, როგორია სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობა, როგორია სტატისტიკა.
იქნება არაერთი შეკითხვა. დარწმუნებულები ვართ, რომ საინტერესო და საქმიანი განხილვა გველოდება წინ. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია, თუ ისინი დაესწრებიან სხდომას, იმედი მაქვს, რომ დაესწრებიან, საქმიანად და შინაარსობრივად გამოიყენებენ ტრიბუნას. დაუსვამენ შეკითხვებს და დაელოდებიან, რომ მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას რეგლამენტის მიხედვით დღეს დაასრულებს. პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად პირველ თებერვალს განაახლებს და საგაზაფხულო სესიას გახსნის.