პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მოუსმენს.
ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროს რეფორმებს საკანონმდებლო ორგანოს გააცნობს. მინისტრი ყურადღებას ასევე თავდაცვის უწყებასა და ნატო-ს თანამშრომლობაზე გაამახვილებს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის უწყების მუშაობას საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში აკვირდება.
„თავდაცვისუნარიანობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესის ქვეშაა – როგორც საზოგადოებაში, ისე პარლამენტში. თავდაცვის სამინისტროს ძალები ერთგვარი ლოკომოტივია ნატო-ს გზაზე, ამიტომ ამ უწყებაში მიღწევები არის ძალიან მნიშვნელოვანი.
საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში პროცესს ვაკვირდებით. მიღწევები მართლაც შთამბეჭდავია და ეს აღიარებულია საერთაშორისო ექსპერტების, განსაკუთრებით ნატო-ს შემფასებელი ჯგუფების მიერ. დარწმუნებული ვარ, იქნება საინტერესო დისკუსია იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებია. ვფიქრობ, თავდაცვის მიმართ პარლამენტშიც გამოჩნდება ჩვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვის მინისტრთან კითხვები ოპოზიციასაც აქვს. მთავარი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია პლენარულ სხდომაზე დააყენებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურია.
„ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძის თქმით, სისტემა არ არის მზად მოქალაქეებს სამხედრო სამსახური შეასწავლოს. ოპოზიციური ფრაქცია ლევან იზორიას ასევე კითხვებს თავდაცვის შესყიდვებში კორუფციასა და ნეპოტიზმთან დაკავშირებითაც დაუსვამს.
„თავდაცვის მინისტრთან „ევროპულ საქართველოს” ექნება სხვადასხვა კითხვა, მათ შორის პირველ რიგში, ეს ეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურის პრობლემატურობას და პროფესიული არმიის თემას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.