საქართველოს პარლამენტში დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ.
თავდაცვის მინისტრის რანგში წლიური ანგარიშით ჯუანშერ ბურჭულაძე დეპუტატების წინაშე პირველად წარდგება. ჯუანშერ ბურჭულაძე საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო ნაბიჯებს გააცნობს. თავდაცვის მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
„თავდაცვის უწყება არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს და განხორციელდა ამ უწყებაში წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ასევე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შთამბეჭდავი არის ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის თვალსაზრისით, მისი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული სამსახურის და ცხოვრების პირობების და მათი სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესების მხრივ. თავდაცვის საქმიანობას აძლევენ მაღალ შეფასებას ჩვენი პარტნიორები და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან საინტერესო მოსმენა”, -განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
ჯუანშერ ბურჭულაძის ანგარიშს ოპოზიციის ნაწილიც დაესწრება და უწყებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვებს დაუსვამს.