პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების ერთობლივი განცხადების პროექტზე იმსჯელეს
საგარეო საქმეთა კომიტეტში დახურულ შეხვედრაზე ძირითადი დრო და ყურადღება დაეთმო ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების ერთობლივი განცხადების პროექტზე მუშაობას, რომელიც ეხება ძალის არგამოყენებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დუნდუამ საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობასთან დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, ჟენევის მოლაპარაკებებზე არანაირ დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება, არამედ ძალის არგამოყენებაზე მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება შედგება.
უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ განცხადება, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე უნდა მიიღონ, ოკუპირებული რეგიონების სტატუსთან დაკავშირებით საქართველოსთვის სახიფათო პუნქტებს მოიცავს და რუსეთს ირიბ საშუალებას აძლევს, ნაკისრი ვალდებულებები თავიდან აირიდოს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა, არასწორი ინტერპრეტაციები ვრცელდებოდა ქართულ და რუსულ პრესაში და ჩვენ პარლამენტარებს ავუხსენით, რა მანდატი გვაქვს, რა ამოცანები გვაქვს, რას ვაკეთებთ და რის მიღწევას ვლამობთ როგორც ჟენევაში, ისე კონკრეტულად იმ განცხადებით, რომელიც თუ იქნება და როცა იქნება ეს განცხადება მიღებული.
ვუთხარით პარლამენტარებს, რომ მუშაობა ჯერ არაა დასრულებული და რაიმე პროგნოზების გაკეთება ნაადრევია. ამ განცხადებაზე მუშაობა ახლა არ დაწყებულა. 2012 წლის დასაწყისში დაიწყო მუშაობა, ყოველთვის რთულად მიმდინარეობდა მუშაობა, ადვილი არ ყოფილა.
იყო ბოლო პერიოდში გარკვეული წინსვლა პოზიციების შეჯერების, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი საკითხები, რომლებიც საჭიროებს დამუშავებას და შეჯერებას, ამიტომ როდის იქნება გაკეთებული ეს განცხადება, ამ რაუნდზე თუ შემდეგ რაუნდებზე, ამის თქმა ძნელია. ერთი რისი თქმაც შემიძლია, რას ვხედავთ ამ განცხადების უკან ,რა არის მთავარი მიზანი – ის, რომ ამან, მოკლედ რომ ვთქვათ, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას“, – განაცხადა დავით დუნდუამ.
ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაცია 11 წევრით წარდგება, რომელიც საგარეო საქმეთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარტისა და სუსი-ს წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. დელეგაციას დავით დუნდუა უხელმძღვანელებს.