პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე კენჭისყრა შესაძლოა, გადაიდოს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ხვალინდელ სხდომაზე დააყენებს შუამდგომლობას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე კენჭისყრა გადაიდოს.
ამის მიზეზად მდინარაძე ასახელებს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ბევრი წევრი კოვიდკონტაქტია, ან ინფიცირებულია.
„დღეს ცესკო-სთან დაკავშირებით არ გვიმსჯელია. არ არის ბევრი კანდიდატი, რაზეც ჩვენ კენჭი უნდა ვუყაროთ, მაგრამ ალბათ, ხვალ ეს გაგვიჭირდება. პროცედურასაც განვმარტავ – თუ პირველ შემთხვევაში 100 ხმა ვერ მოაგროვა კანდიდატმა და ამის მოლოდინი ნამდვილად არ არსებობს, მეორე შემთხვევში სჭირდება პარლამენტის უმრავლესობა. მინიმუმ 10-მდე ადამიანი არის უმრავლესობაში, რომლებიც არიან ან კოვიდკონტაქტები, ან ინფიცირებულები. შესაბამისად, გაგვიჭირდება ხმების ამ რაოდენობის მოგროვება.
რომ არ ყოფილიყო კოვიდით ინფიცირება პარლამენტის წევრების, ხვალვე ჩავატარებდით ამ კენჭისყრას. მაგრამ ხვალვე დავაყენებ პირადად საკითხს, რომ თუ მაგალითად ოპოზიციის რომელიმე ჯგუფმა არ თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ კონკრეტულ კანდიდატს, კენჭისყრის ჩატარებას საერთოდ აზრი ეკარგება. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე დავაყენებ შუამდგომლობას კენჭისყრის გადადებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობაზე ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისა და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორის, თენგიზ თევზაძის კანდიდატურები წარუდგინა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით რომ დაინიშნოს, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ასეთი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობას კვლავ ექვსი თვით დაიკავებს.