პარლამენტის რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს
პარლამენტის რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს

მეცხრე მოწვევის პარლამენტში არსებულ რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს.

საკადრო ცვლილებებზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.

პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გიორგი ვოლსკის კანდიდატურას სესიაზე მხარი დაუჭირეს, ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდა. ასევე, ვიცე-სპიკერი გახდა გიორგი კახიანი, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურას კი, ხვალ ურყიან კენჭს.

ამასთან, ხვალ ეყრება კენჭი კახა კუჭავას კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, ასევე ხვალ უყრიან კენჭს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანის კანდიდატურას.

რაც შეეხება სხვა საპარლამენტო კომიტეტებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა ირაკლი ბერაიამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობს.  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე კი, გენადი მარგველაშვილია.

აღნიშნული საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 12 დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩაგდებამ გამოიწვია.