პარლამენტში აცხადებენ, რომ ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება, შენობაში შემსვლელი ყველა პირი კი თერმოკონტროლს გაივლის
პარლამენტში აცხადებენ, რომ ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია და პირბადის გამოყენებაზე განხორციელდება მონიტორინგი.
„როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება.
დეპუტატის სამუშაო სივრცე სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.