პარლამენტში აცხადებენ, რომ ახალ „ტყის კოდექსს“ პარლამენტი ჩვეული რეჟიმით მუშაობის დაწყებისთანავე განიხილავს
ახალ „ტყის კოდექსს“ პარლამენტი ჩვეული რეჟიმით მუშაობის დაწყებისთანავე განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„საგანგებო სესიაზე გამოდის მხოლოდ ის საკითხები, რომელთა განხილვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საჭიროა მათი დაუყონებლივ მიღება. შესაბამისად, კომიტეტი აღარ განიხილავს ტყის კოდექსს. კანონპროექტის განხილვა ჩატარდება პარლამენტის ჩვეული რეჟიმით მუშაობის დაწყებისთანავე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კოდექსი სატყეო რეფორმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. მის შემუშავებაში მონაწილეობდა GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები.
ასევე ამ კოდექსის მიღებასთან არის დაკავშირებული ტყის რეფორმის განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული 30-მდე მილიონი ევრო.
რაც შეეხება მორიგ არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს ტყის ფართობების გადაცემა ხდება რომელიმე ინსტიტუციაზე, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
რეალურად, ახალი კოდექსი ავალდებულებს ყველას – მუნიციპალიტეტებს, სააგენტოებს, ეკლესიასა თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტს, რომელიც ფართობს უკვე ფლობს, რომ დააკმაყოფილოს ახალი კოდექსით გათვალისწინებული ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა შემუშავებაში, თავის მხრივ, ჩართული იყო ყველა მხარე, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პარტნიორები, სატყეო სექტორის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სპეციალისტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.