პარლამენტში 54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა იგეგმება
პარლამენტში 54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა იგეგმება. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, დღის წესრიგში საკითხის დაყენებას იწვევს კონსტიტუციასა და რეგლამენტში ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თუ დეპუტატი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციიდან ბევრმა დაარღვია ვადა – სხდომების ნახევარზე მეტი გააცდინეს და ამ საკითხზე პარლამენტს მსჯელობა მოუწევს.
„პარალელური პროცესიც გვაქვს, რაც 19 აპრილის შეთანხმებასთან არის დაკავშირებული. „ლეიბორისტული პარტია“ და „ევროპული საქართველო“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ და საპარლამენტო მანდატს არ ასრულებენ. ეს ორი პარტია სრულად გასულია დემოკრატიული ჩარჩოებიდან, არიან რადიკალური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მარგინალიზაციის გზაზე დგანან და ყველაზე დიდი განაჩენი მარგინალიზაციაა. არის ფორმალური წინაპირობები, შეთანხმება და ამის მიღმა მყოფი ხალხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა, რომელმაც არ დააკონკრეტა, შეუწყვეტს თუ არა პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.