პრემიერ-მინისტრის ანგარიში - გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი ოთხი საკვანძო, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით
პარლამენტს სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ანგარიში წარედგინა. დოკუმენტი წერილობითი ფორმით ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.
პროცედურის შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილი ანგარიშს პლენარულ სხდომაზე ივნისის ბოლომდე წარადგენს. დოკუმენტში საუბარია ყველა იმ მიმართულებაზე, რომლისკენ საქმიანობას აღმასრულებელი ხელისუფლება წარმართავს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ტემპზე. განსაკუთრებული გავლენა ნათელია განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე.
მიუხედავად ამისა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში.
მთავრობა აღნიშნავს, რომ გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხი საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.
“მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ისტორიული მიზნის – საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. იდგმება გეგმაზომიერი ნაბიჯები, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საანგარიშო პერიოდში უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე ინსტიტუციურ ჭრილში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად და გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. უმაღლეს დონეზეა აყვანილი ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რისი დასტურიცაა ქვეყნისათვის ორპარტიული მხარდაჭერის აქტები და საქართველოსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება. მთავრობა იყენებს ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. გრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისგან მომავალი გამოწვევების დასაძლევად. ამასთან, ფართოვდება და პრაქტიკაში უფრო აქტიურად ხორციელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობისთვის. მიმდინარეობს რეფორმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების მიზნით. იდგმება ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. გრძელდება რეფორმები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პენიტენციური სისტემის მიმართულებით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, გლობალურმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევამ პირდაპირი და მყისიერი გავლენა იქონია ტურიზმის შემცირების კუთხით, რაც საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
„აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტიდან შეინიშნება ეკონომიკის დასტაბილურებისა და ზრდის პოზიტიური ნიშნები. წინა წელთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა მარტში 4%-ით, ხოლო აპრილში 44.8%-ით გაიზარდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8.1%-ს გაუტოლდა. სექტორულ ჭრილში ზრდა შეინიშნება დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების მიმართულებებით. ამასთან, აპრილში 93.4%-ით არის გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. ასევე, გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებლები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასში მკვეთრად არის გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტის წილი. დამატებით, 2021 წლის თებერვლიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა ქვეყნის პოსტ-პანდემიური ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება – მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს განათლების, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რაც, თავის მხრივ, ადამიანური კაპიტალისა და, შესაბამისად, მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველია. მთავრობა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ მიმართულებებით უფრო ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბებისთვის.
პანდემიამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს ჯანდაცვის სექტორი. თუმცა მთავრობის აქტიური ნაბიჯების შედეგად ხდება ეპიდემიის ეფექტიანი მართვა და ჯანდაცვის სერვისების შეუფერხებელი მიწოდება. ამასთან, გრძელდება ჯანდაცვის სექტორში ინიციირებული სისტემური რეფორმები. შეზღუდვებით გამოწვეული სოციალური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მთავრობამ ჩამოაყალიბა სოციალური დაცვის ისეთი მექანიზმები, რომლებიც, ერთი მხრივ, ფარავს უნივერსალურ საჭიროებებს და ამავდროულად, ყურადღებას გაამახვილებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე”, – საუბარია ანგარიშში.