პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭი უყარეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 113-მა წევრმა, კანონპროექტს მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 13-მა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და დასკვნას სამი თვე დასჭირდება.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტით, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. აღნიშნული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.