პარლამენტმა ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი
საქაართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 27 წლის წინ ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მეომრები გაიხსენა.
„დღეს არის 2 ივლისი. ზუსტად 27 წლის წინ, ლაბრა-ტამიშის ტერიტორიაზე გადმოისხა რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებისგან, კონფედერანტებისგან და სეპარატისტებისგან ერთობლივად შექმნილი დაჯგუფება. 27 წლის წინ იყო დიდი და ძლიერი ბრძოლები. კიდევ ერთხელ იყო დღე სიმწრის, უპასუხისმგებლობის, თავგანწირვის და საბოლოო ჯამში, ისევ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში გამარჯვებული კაცების. მინდა, თქვენთან ერთად, წუთიერი დუმილით მოვიხსენიოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და სიძლიერეს შეეწირა“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ.
აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან დღეს 27 წელი გავიდა.