პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნას ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით, 87 ხმით მიიღო.
ცვლილებების თანახმად, გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი, თუმცა მისთვის ხდება სავალდებულო, რომ ამის თაობაზე 12 საათის ვადაში, ნებისმიერი ფორმით, პროკურორს შეატყობინოს. ასევე, პროკურორი უფლებამოსილია, შეისწავლოს გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და გამომძიებელს მისცეს მითითება, რომ დაიწყოს ამა თუ იმ საქმეზე გამოძიება.
კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, პროკურორი უფლებამოსილია, გამოძიების დაწყებაზე უარის შესახებ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს მისცეს მითითება გამოძიების დაწყების თაობაზე.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი ევროკავშირის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შემადგენელი ნაწილია.