პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო. როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყანამ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურის და სხვა მიმართულებებით, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის უნივერსალური პრინციპის დაცვით.
ამასთან, კანონი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისეთი სერვისების შემოღებით, როგორიცაა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისები და პერსონალური ასისტენტის მომსახურება.
კანონის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა დაფუძნებული იქნება სოციალური მოდელის მიდგომაზე, რომელიც ამ კატეგორიის პირთა რეალური საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამის რეაგირებაზეა ორიენტირებული. კანონით შემოღებული იქნა „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპი. ამავე დროს, იმოქმედებს „გონივრული მისადაგების“ დებულება, რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.
როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, კანონში ხაზგასმულია კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის და შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაციის დაუშვებლობის მნიშვნელობა, განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების ხელმისაწვდომობის, შრომისა და დასაქმების მიმართულებით. კანონი გონივრულ მისადაგებაზე უარს განმარტავს, როგორც დისკრიმინაციას. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, რათა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემა გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს დისკრიმინაციისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი გარემო. ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, დგინდება სპეციალური მოსარჩელის სტატუსი და უფლებამოსილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. კანონის მიხედვით, უშუალო და პირდაპირი ზიანის არსებობის გარეშეც, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, შეძლებენ სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები. გარდა ამისა, სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ფართოვდება სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის კომპეტენცია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საადვოკატო მომსახურების გაწევას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, კანონი ადგენს სახელწიფო ორგანოების და დაწესებულებების უფლება-მოვალეობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციისა და ამ კანონის იმპლემენტაციის მიზნის მისაღწევად კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამასთან, უნდა შეიქმნას კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომლის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფასაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. კანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციასაც ითვალისწინებს.
კანონი განსაზღვრავს პროექტით დადგენილი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და ადგენს ცალკეული ვალდებულებების შესრულების ეტაპებსა და ვადებს. ამ მიზნით, ყველა შესაბამისმა ორგანომ/დაწესებულებამ, კომპეტენციის ფარგლებში, ეტაპობრივად უნდა განახორციელოს უკვე აშენებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე არსებული სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება 15-წლიან ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური ტექნიკური მიზეზების გამო, ყოველწლიურ გეგმაში დამატებით უნდა გაითვალისწინონ მოქმედების ალტერნატიული საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.