პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
შესაბამის დადგენილებას პარლამენტმა 80 ხმით დაუჭირა მხარი. შესაბამისად, კომისიის შემადგენლობაში არიან: ეკა ხოფერია – ჟურნალ „სითის“ რედაქტორი და დამფუძნებელი; სოფო ნარჩემაშვილი – ტელეწამყვანი, ჟურნალისტი; მარიამ გოგოსაშვილი – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი; თორნიკე გურული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე; მაკო ჯაოშვილი – საერთაშორისო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი; ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; ანი კიკნაძე – მედიაკავშირი „ობიექტივი“, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, მოწვეული პედაგოგი.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ათმა კანდიდატმა გამოთქვა.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ესენი არიან: ზაზა აბაშიძე, თამარ ამაშუკელი, ნათია კაპანაძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, ოთარ შაორშაძე, დოდო შონავა, კონსტანტინე ჩლაიძე, ნინო ჭალაგანიძე და ზაურ ხალილოვი.