პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად საკონკურსო კომისია დაამტკიცა
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, საკონკურსო კომისია 87 მომხრე ხმით დაამტკიცა.
დეპუტატებმა კომისიის შემადგენლობას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს, თუმცა მანამდე კანონმდებლებს საკონკურსო კომისიის წევრების თაობაზე ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.
სპიკერის განცხადებით, საკონკურსო კომისია სახალხო დამცველსა და ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაკომპლექტდა.
კობახიძის თქმით, თითოეულ ამ სუბიექტს საშუალება ჰქონდა, საკონკურსო კომისიაში საკუთარი კანდიდატები დაესახელებინა, რომელთა ჩართულობითაც ისინი უფრო ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„შესარჩევია სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი და სამჯერ მეტი კანდიდატის შერჩევა უნდა მოხდეს. საბოლოო ჯამში, საკონკურსო კომისიის მიერ 12 კანდიდატი უნდა შეირჩეს“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, საკონკურსო კომისიის წევრები გახდნენ – თინათინ რუხაძე, სოსო გალუმაშვილი, ოთარ ტატიშვილი, ბასა ფოცხიშვილი, მამუკა ანდღულაძე, ერმინე მესხია, სალომე უგულავა, ბონდო მძინარაშვილი და დავით ცხადაძე.
რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს, მათ დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.