პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 78 ხმით 22-ის წინააღმდეგ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო, რომლითაც პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდება.
მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, ცვლილების მიზანია 2021 წლის პირველი ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს უკვე არსებული ის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად მართვას ემსახურება.
„მე, როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე“, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება პანდემიის წინააღმდეგ.