პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.
„სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პაკეტის დამტკიცებას დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს შემდგომი რეფორმირების პროცესში და როგორც საზოგადოებას პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევის წარდგენის დროს დავპირდით, სასამართლოს რეფორმის ეს პაკეტი საშემოდგომო სესიაზევე, დღეს იქნა დამტკიცებული, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში მესამე მოსმენისთვის მთელი რიგი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა, თუმცა, როგორც მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს არ ცვლის კანონპროექტის შინაარსს.
პაკეტში შემავალი საქართველოს ორგანული კანონის პროექტით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურებისა და მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტასთან, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხები.
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტატუსი, მისი მიზანი და ფუნქციები, სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება. კანონპროექტის ინიციატორის, პარლამენტის წევრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, სამივე მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა.
მისივე თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესი, ფართო ჩართულობით, ხანგრძლივად მიმდინარეობდა.
„ამ პროცესში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები და ფართო ჩართულობით, ჩვენ მოვახერხეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პაკეტის ჩამოყალიბება. ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება აშშ-ის საელჩომ, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომლებმაც ძალიან მაღალი შეფასება მისცეს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას. ეს მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას – საუბარია დისციპლინური წარმოების საკითხებზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებაზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწაზე. სამივე მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები და ჩვენ, ამ კუთხით, ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.