პარლამენტმა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
საქართველოს პარლამენტმა „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ რატიფიცირება განახორციელა.
შეთანხმების შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა. პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარდგენილ შეთანხმებას.
შეთანხმება ძალაში შევა, როდესაც გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს და ამავდროულად, ორივე მხარეს გაცვლილი ექნება შეტყობინება მათ მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.
აღნიშნული შეთანხმების დადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ გადაწყვიტა ევროკავშირიდან გასვლა და შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებას შეწყვეტს 2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში ხელმოწერილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება.
აღინიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან ხელმოწერილი შეთანხმება ეფუძნება ასოცირების შეთანხმებას, რაც ახალ დონეზე აიყვანს ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას.
შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მისი ძირითადი ნაწილი კი, ასოცირების შეთანხმების მსგავსად, ეთმობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტებს.
შეთანხმება აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, აგრეთვე საქართველოს ევროპულ არჩევანს; მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ამასთან, ხაზს უსვამს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოების შერიგების მნიშვნელობას.
შეგახსენებთ, „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ 21 ოქტომბერს, ლონდონში, საქართველოს მხრიდან ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა
მოაწერა.