პარლამენტმა სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. 116 კანონპროექტიანი საკანონმდებლო პაკეტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. დეპუტატებს ცვლილებების არსი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გააცნო. ცვლილებებს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა.
დეპუტატები ცვლილებებზე მეორე მოსმენით მსჯელობას დღეს საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში გააგრძელებენ, ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება კი, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება. რაც შეეხება ცვლილებებს, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.
კერძოდ, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს. სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციას შსს შეითავსებს, სოციალურ პოლიტიკას – ჯანდაცვის სამინისტრო. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.