პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ 13 კანონმდებელი წავიდა.
ცვლილებებზე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაახლოებით ოთხი საათი მსჯელობდნენ.
საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდება. საუბარია მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება, რომელთა ნაცვლად, ორი ახალი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.
კერძოდ, პროექტით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.
სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები წარადგინა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლების ორ ახალშექმნილ სამსახურში დასაქმებას ითვალისწინებს. მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი ინიცირებულ პროექტში მეორე მოსმენით მიღებამდე აისახება.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არის ცხრა დეპარტამენტი, სადაც დაახლოებით 120 თანამშრომელია. გვქონდა კონსულტაციები, შემუშავებულია პროექტი და გვაქვს ასეთი წინადადება: საგამოძიებო დეპარტამენტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ავტომატურად, კანონის ძალით საკუთარი პოზიციები შეუნარჩუნდეს. შესაბამისად, ისინი წარმოდგენილი იქნებიან ახალ საგამოძიებო სამსახურში. რაც შეეხება, საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, ეს ის დეპარტამენტებია, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება. გთავაზობთ, რომ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები ავტომატურად, უკონკურსოდ წარმოდგენილი იყვნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ სამსახურში. შედარებით რთულია საკითხი, რაც ადმინისტრაციული ფუნქციების მატარებელ დეპარტამენტებს უკავშირდება. ადმინისტრაციული ფუნქციებით შვიდი დეპარტამენტია დატვირთული. ამ შემთხვევაში, გთავაზობთ, რომ თანამშრომლებს საკუთარი არჩევანისა და ნების შესაბამისად მიეცეთ ამ ორ ახალ სამსახურში გადანაწილების საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით მიღება ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.