პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი არ ყოფილა.
სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ მესამე მოსმენის რეჟიმში არ დაუჭირეს. ოპოზიციური პარტიები საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებენ იმას, რომ კანონპროექტში მათი შენიშვნების გათვალისწინება არ მოხდა.
ამასთან, ოპოზიციიდან კანონპროექტს მხარი დაუჭირეს: ავთანდილ ენუქიძემ, ლევან იოსელიანმა, შალვა კერესელიძემ, ბექა ლილუაშვილმა, ჰერმან საბომ, თამარ კორძაიამ.
ცვლილებებით, მომავალი სახალხო დამცველის არჩევა დროებითად მოქმედი წესით მოხდება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.
კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლის შემადგენლობაც ცხრა წევრისგან − სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე, პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან – საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს.
რეგლამენტით, შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასებაა. შეფასების სამუშაო ჯგუფი მხოლოდ იმ პირს არ შეაფასებს, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის ან რომელიც სახალხო დამცველის თანამდებობაზე უკვე იყო.
შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს – კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება.