პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არცერთი წავიდა.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეებმა“ წარადგინა.
თავდაპირველად სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მხარეებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.
ლევან იოსელიანი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, 2021 წლიდან – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. იოსელიანმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში. 1999-2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ იურისტი, 2000-2001 წლებში – „თიბისი ბანკის“ მთავარი იურისტი. 2008-2016 წლებში იყო „ლევან იოსელიანის იურიდიული კომპანიის“ იურისტი, 2018-2020 წლებში – ააიპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი.