პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მმართველი გუნდის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მომზადებული ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, ახლებურად წესრიგდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურის შემდეგი საკითხები. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელი კანდიდატი რა შედეგით შეაფასა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ხდება საჯარო და ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე.
ამასთანავე, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს დასაბუთებებთან ერთად არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, ჩაითვლება, რომ იგი არ მონაწილეობს კანდიდატების შეფასების პროცედურაში, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები კი გაუქმდება.
ასევე, ინიციატივით იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე (კენჭისყრის ეტაპზე) გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი. კერძოდ, ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეადგენს არა კენჭისყრის შედეგად, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით.
ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ იცვლება პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კენჭისყრის გამართვის წესი, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, რომ პარლამენტს წარედგინოს მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს (დაგროვებული ქულების მიხედვით საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლები აქვთ). ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით გათვალისწინებულია აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა იგი კანდიდატს. ამასთანავე, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი კენჭისყრაში და კენჭისყრისას დაფიქსირებული პოზიციების დასაბუთება იქნება საჯარო და გამოქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე.
ცვლილებებით ასევე დგინდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული განკარგულება/წარდგინება და საქმე დააბრუნა ხელახლა განსახილველად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი განკარგულება/ხელახალი წარდგინება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში (უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად მიღებული საბჭოს განკარგულება/წარდგინება აღარ საჩივრდება).
როგორც ინიციატორები განმარტავენ, კანონში ნათლად მიეთითება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების საჯარო მოსმენა უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით.