პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი დაჩქარებული წესი განიხილეს და მხარი 82 ხმით, შვიდის წინააღმდეგ დაუჭირეს.
„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია რიგი კონსულტაციების და ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, რაც ერთი მხრივ, ეფექტურს გახდის მართლმსაჯულების პროცესს, მეორე მხრივ კი, იქნება გაგრძელება იმ ზოგადი რეფორმებისა, რაც ხორციელდება ქართულ მართლმსაჯულებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა საკითხის წარდგენისას.
კანონპროექტი მიზნად ისახავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესთან, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურასთან, დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების სახეებისა და დისციპლინური წარმოების განხილვის ვადებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხებისა და წესების ახლებურად მოწესრიგებას.
მომხსენებლის განმარტებით, თუ კანდიდატი კონკურსში მონაწილეობისას მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ გამწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ სამ წევრს უფლება აქვს, კანდიდატის თანხმობით მიმართოს საბჭოს, რათა ამ კანდიდატს ხელახლა ეყაროს კენჭი მიმდინარე კონკურსის ფარგლებში ვაკანტურად დარჩენილ რომელიმე თანამდებობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხელახალი კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით.
კანონპროექტში შესატან არსებით ცვლილებებს შორისაა მივლინების ვადის საკითხიც. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მივლინების ორწლიანი ვადა კიდევ ერთი წლით იზრდება.
პროექტის თანახმად, მოსამართლის დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების არსებულ სახეებს დაემატება ახალი დისციპლინური გადაცდომები და სახდელები, რაც უზრუნველყოფს მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებაზე უფრო მეტად პროპორციულად რეაგირებისა და დისციპლინური სახდელის უკეთ მისადაგების შესაძლებლობას, ასევე, შემცირდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები და გაიზრდება შესაბამისი სამართალწარმოების ეფექტიანობა.
„მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საფუძვლები ყალიბდება შემდეგი სახით – მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილება მოხდება, თუ მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა ამ კანონის დადგენილი წესით და არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება მაინც – არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას, ან დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან დისციპლინური დევნა მიმდინარეობს ერთზე მეტი დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენისათვის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის ცვლილება შესაბამისი გადაწყვეტილებების საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებაში გამოიხატება.
ამავე პროექტით, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში.
კანონპროექტით წარმოდგენილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება – განახევრება ყველა ეტაპზე, რაც მომხსენებლის შეფასებით, სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება.
„დარწმუნებული ვარ, ქართულ მართლმსაჯულებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ზოგადად, მოსამართლეთა კორპუსს, ყველა ის ცვლილებები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შეეხიდება იმაში, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ქართლი საზოგადოების სანდოობა ქართულ მართლმსაჯულებაში“, – განაცხადა მომხსენებელმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს.