პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.
ორგანული კანონის პროექტით წესრიგდება, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელ ზოგიერთ ნორმასთან, გარდამავალ პერიოდში ცესკო-ს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელებასთან და გარდამავალ პერიოდში ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით მათიკაშვილმა განმარტა, კანონპროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას, რომლებიც გამოიყენება როგორც მორიგი, ასევე რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარებას.
„წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება არჩევნების შეფერხების გარეშე ჩატარებას და ტექნიკურად გამართული საარჩევნო პროცესის წარმართვას. კანონპროექტის მიღების შედეგად გასწორდება ტექნიკური და პროცედურული ხარვეზები. ზუსტდება საარჩევნო პროცესის დროს, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი. განისაზღვრება, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისას, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის წევრთა რაოდენობა ნაცვლად, 12-მდე შევსებისა 17-მდე შეივსება. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლად არ შეიძლება, დაინიშნოს ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩეული პირველ ტურში წარდგენილი კანდიდატი. ზუსტდება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან, საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა. გარდამავალ პერიოდისთვის დგინდება ცესკო-ს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობა და გარდამავალი პერიოდისთვის განისაზღვრება ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტის წევრებმა მხარი 82 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაუჭირეს.