პარლამენტმა 88 ხმით სამის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საარჩევნო კოდექსში“ „გენდერული კვოტირების“ წესთან დაკავშირებული ცვლილება მიიღო, რომელიც კოდექსის 203-ე მუხლს ეხება.
კანონის თანახმად, „გენდერული კვოტირების“ მარეგულირებელი ნორმების მოქმედების ვადა ძალაში იქნება 2032 წლის ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნების ჩათვლით.
ასევე, თუ პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მამაკაც წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, მის ადგილს დაიკავებს მომდევნო წევრობის კანდიდატი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სიის მომდევნო წევრი იყოს ქალი დეპუტატი.
ინიციატორთა განმარტებით, კანონს ექნება დადებითი გავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, რადგან ხელი შეეწყობა საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობების გაზრდას.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ბაია კვიციანი, გრეტა წიწავა, ნინო წილოსანი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მარიამ ლაშხი, ქეთევან დუმბაძე და მაია მენაღარიშვილი.