პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება.
კანონპროექტი დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ წარუდგინა.
კანონპროექტით, ცესკო-ს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება, მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება.
კანონპროექტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ.
კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას ხუთი წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან ხუთი წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.
ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.
ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც ცესკო-ს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.
გასულ წელს პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა. ვენეციის კომისიამ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს დასკვნა წარუდგინა, თუმცა, გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნა დაცლილია სამართლებრივი არგუმენტაციისგან.
მისი თქმით, ცესკო-ს დაკომპლექტების წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა მხოლოდ ის მოიტანა შედეგად, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევა 6-თვიანი ვადით ხდება. მისივე მოსაზრებით, 6-თვიანი მოდელი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.
„ჩვენ დავსვით მარტივი კითხვა, რომელ ქვეყანაში გინახავთ მოდელი, რომლის მიღებასაც გვთავაზობენ და რომლის გათვალისწინებით ცესკო-ს თავმჯდომარეს და წევრებს, ფაქტობრივად, ექვსი თვით ვირჩევთ. ექვსი თვით დანიშნული ადამიანები რამდენად უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობის პრინციპს, ვიდრე ხუთი წლის ვადით არჩეულები? პასუხი იყო ცალსახა, რომ არ არსებობს მსგავსი მოდელი. არცერთი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, რატომ უნდა დაინერგოს ჩვენთან ასეთი მოდელი. ორწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებულმა მოდელმა ვერ გაამართლა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.