პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტმა რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტის განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მოხდა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 88-მა დეპუტატმა.

კანონპროექტით განისაზღვრა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე მოთხოვნას, ფრაქციის მიმართვიდან ან კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს სამ დღეში გააგზავნის.

ასევე კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრების/მოსმენის საკითხს პერიოდულად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის.

ზემოთ აღნიშნულია გარდა, დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შემცირდა და პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა 15 დღის ნაცვლად, 10 დღით განისაზღვრა.

გაიზრდება ინტერპელაციის ჩატარების პერიოდულობაც. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატის პარლამენტში წარდგომის შესაძლებლობა გათვალისწინებული იქნება ყოველთვიურად, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგომის ნაცვლად.

ასევე მთავრობის წევრი ვალდებული გახდა, „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, პარლამენტს მოხსენება წერილობითი ფორმით ხუთი დღით ადრე წარუდგინოს.

ცვლილებებით, ერთ დღეს ორზე მეტი „მინისტრის საათის“ გამართვა აიკრძალა.