პარლამენტმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ასევე ღია საჯარო სივრცეებში.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ და ღია საჯარო სივრცეში  პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 20 ლარით. აღსანიშნავია, რომ კანონის ამ დრომდე მოქმედი რედაქცია პირბადის წესის დარღვევის გამო დაჯარიმებას მხოლოდ დახურულ სივრცეებში ითვალისწინებდა.

კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე დახურულ ან ღია საჯარო სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის წესის დარღვევისთვის განმეორებით დაჯარიმდება, სანქციის ოდენობა 40 ლარი იქნება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, მკაცრდება ჯარიმა იმ დაწესებულებებისთვისაც, სადაც პირბადის გარეშე მომხმარებლის დაშვება განმეორებით მოხდება. კერძოდ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს საჯარო სივრცის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, ვლადიმერ კახაძე.