პარლამენტმა მთავრობის რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა
პარლამენტმა მთავრობის რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

პარლამენტმა მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, არც ერთის წინააღმდეგ. საკანონმდებლო ორგანომ ცვლილებებზე მეორე და მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელა, რის შემდეგაც დეპუტატებმა 99 კანონპროექტს კენჭი ცალ-ცალკე უყარეს.

რაც შეეხება ცვლილებებს, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება. კერძოდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროს.

ცვლილებების თანახმად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება.

ამასთან, დამტკიცებული პროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაციის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი იქმნება, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.