მთავრობის რეორგანიზაციის საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 99 კანონპროექტზე მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კანონმდებლებმა ცვლილებებს კენჭი ცალ-ცალკე უყარეს.
ოპოზიციამ ცვლილებები გააკრიტიკა, უმრავლესობის ნაწილმა კი, უკმაყოფილება გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების გამო გამოთქვა.
იქედან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანო ცვლილებების სამი მოსმენით მიღებას მიმდინარე კვირაში აპირებს, ინიციატივას მეორე მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
რაც შეეხება ცვლილებებს, ინიციატივით, 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება. კერძოდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროს.
ცვლილებებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება. ამასთან, პროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაციის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი იქმნება, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს